პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - გიული ლაფაური
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქ. თელავის N9 საჯარო
სკოლის გერმანული ენის მასწავლებლის, გიული ლაფაურის, მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშს.
N9 საჯარო სკოლა წარმოადგენს გერმანული ენის გაძლიერებული
სწავლების ცენტრს კახეთის რეგიონში და აქვს უფლება მოსწავლეებმა ჩააბარონ გამოცდა გერმანული
ენის დიპლომის მისაღებად. სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ ექსკლუზიური წვდომა
ენის სწავლების უახლოეს მეთოდებთან, სახელმძღვანელოებთან და გერმანიიდან მოწვეულ მასწავლებლებთან.
სკოლის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად იღებენ B1, B2 და C1 დონის სერთიფიკატებს და მონაწილეობას
იღებენ გაცვლით პროგრამებში პარტნიორ სკოლებში გერმანიასა და ავსტრიაში. ამასთანავე,
სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს საზღვარგარეთ
სწორედ გერმანულ ენაზე.
თუმცა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე
დაკვირვებამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ზემოთ
ხსენებულ რესურსებსა და თანამედროვე სახელმძღვანელოებზე, რომლებიც კომპლექსური მეთოდოლოგიით
არის შედგენილი და მათში მრავლადაა დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის საინტერესო და
მათი უნარების შესაფერისი მასალა, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეთა ინტერკულტურული კომპეტენციები
მაინც სათანადოდ ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.
ეს საკითხი ასევე ხაზგასმულია 2018-2024 წლების დაწყებითი
საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ უცხოური
ენის სწავლების მიზანი სამეტყველო უნარებისა და კომპეტენციების დაუფლებასთან ერთად
არის განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და მათი კონტექსტების
გაგების უნარი, ასევე სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან თანამოღვაწეობის
კომპეტენცია (დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024,
2016).
დაწყებით კლასებში ბავშვების დამოკიდებულება შესასწავლი ენის ქვეყნების მიმართ ყალიბდება ფილმებიდან,
ვიდეო მასალიდან, მათ ჯერ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა გეოგრაფიიდან, ისტორიიდან. ძალიან
ცოტა მოსწავლე კითხულობს ამ ასაკში უცხოურ ლიტერატურას. შესაბამისად, იმისათვის, რომ
მათ ნათელი წარმოდგენა შეექმნათ შესასწავლი ენის კულტურის შესახებ, საჭიროა, მათ დამატებითი
სასწავლო მასალა შევთავაზოთ და არ შემოვიფაგლოთ მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ინტერკულტურული კომუნიკაციის
სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემის კვლევა გადავწყვიტე შემდეგი გამოცდილების გამო:
1.
N9 საჯარო
სკოლას ჰყავს პარტნიორი სკოლები გერმანიის ქალაქ ბიბერახსა და ავსტრიის ქალაქ გრაცში,
ასე რომ, წელიწადში ორ კვირას სკოლის საუკეთესო მოსწავლეები ჩემთან ერთად ატარებენ
ამ ქალაქების სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საფუძვლიანად ფლობენ სამეტყველო
უნარ-ჩვევებს, იქ ყოფნის პერიოდში იშვიათად, მაგრამ ვამჩნევდი გარკვეულ გაუგებრობებს
ოჯახებში, საზოგადოებრივ ადგილებსა და თანატოლებთან ურთიერთობებში. ეს მეტწილად იყო
გამოწვეული, ე.წ. კულტურული შოკით, იმ ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და წესების არ ცოდნის
მიზეზით.
2.
2018-19
წლის პირველი სემესტრის დასასრულს ჩავატარე კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენად იცნობენ
ჩემი მოსწავლეები შესასწავლი ენის ქვეყნებს და მათ კულტურას. მათი ცოდნის შემოწმების
მიზნით, შევიმუშავე სპეციალური კითხვარი, რომელიც ეხებოდა შესასწავლი ქვეყნების (ავსტრიისა
და გერმანიის) შესახებ მონაცემებს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის თემატიკიდან.
კითხვარისთვის გამოვიყენე სახელმძღვანელოში ,,Das neue Deutchmobil A2” მოცემული
,,europaquiz”, რომელშიც მოსწავლეებს მოეთხოვებათ
ამოიცნონ დროშებისა და ღირსშესანიშნავი ადამიანების ფოტოებისა და ადგილების
მეშვეობით ევროპის ქვეყნები. აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ საკმაოდ მწირი ცოდნა არა მარტო
შესასწავლი ენის ქვეყნების შესახებ, არამედ ზოგადად, სხვა საგნებშიც (გეოგრაფია, ისტორია
და ა.შ). შედეგი იყო არადამაკმაყოფილებელი (დანართი 1).
შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია საკითხის სიღრმისეული
შესწავლა, რათა კვლევაზე დაფუძნებული შედეგების გათვალისწინებით მოხდეს მიზნობრივი
ინტერვენციების განხორციელება მოსწავლეებში ინტერკულტურული კომპეტენციებისა და ქვეყანათმცოდნეობის
საკითხების ცოდნის გაუმჯობესების კუთხით.
ინტერკულტურული კომუნიკაციის ხარვეზების აღმოფხვრა შეუძლებელია
საკითხის სიღრმისეული შესწავლის გარეშე, რაც გულისხმობს, როგორც კულტურასა და კომუნიკაციასთან
დაკავშირებული ცნებების განხილვას, ისე უცხო ენის სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებას.
No comments:
Post a Comment